ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა შობის ღამეს უკრაინის მიმართულებით 70 რაკეტა გაუშვა, მათგან 50 ჩამოგდებულია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა შობის ღამეს უკრაინის მიმართულებით 70 რაკეტა გაუშვა, მათგან 50 ჩამოგდებულია.
„ყოველი რუსული მასირებული დარტყმა მოითხოვს მოსამზადებელ დროს. ეს არასდროს არის სპონტანური გადაწყვეტილება. ეს არის გააზრებული არჩევანი არა მხოლოდ სამიზნეების, არამედ დროისა და თარიღის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამ არხში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ზელენსკის თქმით, ვლადიმირ პუტინმა შეგნებულად აირჩია შობის დღე თავდასხმისთვის.
„რა შეიძლება იყოს უფრო არაადამიანური? 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და ასზე მეტი საბრძოლო დრონი. სამიზნეები – ჩვენი ენერგეტიკაა. ისინი აგრძელებენ ბრძოლას უკრაინის ჩაბნელებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის ინფორმაციით, მოხერხდა 50-ზე მეტი რაკეტისა და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება.
“სამწუხაროდ, რამდენიმე რაკეტა სამიზნეს მოხვდა, რამდენიმე რეგიონში გაითიშა ელექტროენერგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.