ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მაკრონმა გარანტიებისთვის უკრაინაში სამხედროების დისლოცირება შესთავაზა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზაობას გამოთქვამს, „იფიქროს და იმუშაოს“ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთთან კონფლიქტის გაყინვის შემთხვევაში. ზელენსკის სიტყვებიდან გამომდინარე, მაკრონმა უსაფრთხოების გარანტად შესთავაზა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებამდე ქვეყანაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსება.
ზელენსკიმ არ დააზუსტა, რომელი ქვეყნის სამხედროების შესახებ შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი მანამდე არ გამორიცხავდა საფრანგეთის სამხედროების გაგზავნას უკრაინაში. ბოლო დროს მედიაში აქტიურად წერდნენ, რომ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო კვლავ იწყებენ ამ იდეის განხილვას, კერძოდ, სამხედროების უკრაინაში გაგზავნას არა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის, არამედ უკრაინისთვის დამატებითი გარანტიების მისაცემად. ამასთან, მაკრონი ოფიციალურად არ გამოსულა კონკრეტული წინადადებით.
ზელენსკი 7 დეკემბერს პარიზში შეხვდა მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. მაკრონის წინადადების შესახებ მან დღეს კიევში გერმანიის ოპოზიციის, ასევე „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, მშვიდობის მისაღწევად უკრაინამ უნდა აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, შეაჩეროს ომი. იგი არ გამორიცხავს საბრძოლო მოქმედებებში პაუზის შესაძლებლობას, თუმცა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ასეთი პაუზა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას ექნება უსაფრთხოების გარანტიები. ასეთ გარანტიებად პრეზიდენტი მიიჩნევს ნატო-ში უკრაინის მიწვევას და უცხოური კონტინგენტის ქვეყანაში განთავსებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფორმალური გაწევრიანებამდე.
ზელენსკის განცხადებით, უახლოეს მომავალში მას სურს სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ნატო-ში უკრაინის მიწვევის საკითხზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე ტრამპთან ამ საკითხის განხილვას აზრი არა აქვს, რადგან ის ჯერ არ არის ოფიციალურად თანამდებობაზე.