ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ლვოვში ტერორისტული თავდასხმის უკან რუსეთი დგას, რომელმაც დამნაშავეები „ტელეგრამის“ საშუალებით დაიქირავა და თავდასხმებს კიდევ გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ ლვოვში ტერორისტული თავდასხმის უკან რუსეთი დგას.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა დამნაშავეები „ტელეგრამის“ საშუალებით დაიქირავა.
„ეს ზუსტად ტერორისტული თავდასხმა იყო, ცინიკური და სასტიკი. ძნელია მისი სხვაგვარად კლასიფიცირება. უკვე ცნობილია მრავალი ფაქტი. დამნაშავეები „ტელეგრამის“ საშუალებით დაიქირავეს. ტერორისტული თავდასხმა რუსეთმა მოაწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკრაინის ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დეტალებს საზოგადოებას წარუდგენენ. დღეს კი დავავალე, რომ მსგავსი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად შემუშავდეს ზომები. ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება ამის წინააღმდეგ ბრძოლაში. ათობით მსგავსი სიტუაცია იყო აღკვეთილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა უფრო მეტი აქტივობა და ჩართულობა თავად თემების, ადგილობრივი ლიდერებისა და სამთავრობო ინსტიტუტების მხრიდან, რათა შემცირდეს რუსეთის შესაძლებლობები ტერორისტული თავდასხმებისა და დივერსიების ორგანიზებისთვის.
„ჩვენ გვაქვს დაზვერვისგან მონაცემები, რომ რუსები აპირებენ ასეთი ქმედებების გაგრძელებას, ასეთი ფაქტობრივი თავდასხმების გაგრძელებას უკრაინელების წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება მეტი დაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ღამით უკრაინის ქალაქ ლვოვში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციის ერთი ოფიცერი დაიღუპა, 24 ადამიანი კი დაშავდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.