ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევზე რუსეთის თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მცირეწლოვნები
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევზე რუსეთის თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მცირეწლოვნები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კიევზე რუსეთის თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან მცირეწლოვნები.

ზელენსკიმ ჩინეთს და უნგრეთს თავდასხმაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მასშტაბური დარტყმა კიევზე გასული ღამის განმავლობაში არის პასუხი დიპლომატიისა და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებზე.

„რუსეთი ირჩევს ბალისტიკას და არა მოლაპარაკებების მაგიდას. ირჩევს მკვლელობების გაგრძელებას და არა ომის დასრულებას. ბავშვების სიკვდილი აუცილებლად უნდა იწვევდეს გაცილებით მეტ ემოციას, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამე. ჩვენ ველით რეაგირებას ყველასგან, ვინც მშვიდობაზე საუბრობდა, თუმცა ახლა უფრო ხშირად დუმს, ვიდრე პრინციპულ პოზიციას იკავებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობამ კიევში 38-ს მიაღწია, მათგან 30 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.