ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მზად არის, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, თუ უკრაინა ტერიტორიის, სულ მცირე, 75%-ზე კონტროლს შეინარჩუნებს – „გავყინოთ ვითარება და შევჩერდეთ“
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მზად არის, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის გაყინვას, თუ უკრაინა საკუთარი ტერიტორიის, სულ მცირე, 75%-ზე კონტროლს შეინარჩუნებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც არსებულ ვითარებას ამჟამინდელ ნიშნულზე გაყინავს, ისე, რომ უკრაინის ტერიტორიის 75% ან მეტი კიევის კონტროლქვეშ დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, დათანხმდებოდა თუ არა იმას, რაც დღეს არის, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა.
„დიახ, თუ ახლა მოგვიწევს არსებული მდგომარეობის გაყინვა. ვფიქრობ, ეს ომის დასრულების რეალური გზაა. ჩვენ ამას ცეცხლის შეწყვეტას ვუწოდებთ ან მკვლელობების შეჩერებას, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი უწოდებდა. გავყინოთ ვითარება და შევჩერდეთ. რა თქმა უნდა, ეს არის ის მინიმუმი, რასაც დღეს რუსეთისგან ვითხოვთ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს და ევროპელებს მივმართავთ და უსაფრთხოების გარანტიებს მოვითხოვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობაა და, ასევე, მშვიდობის უსაფრთხოებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა ზელენსკიმ.