ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხვალ რუსეთთან ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპი შედგება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხვალ რუსეთთან ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპი შედგება. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა.
„გაცვლა დღესაც გაგრძელდა. სახლში დავაბრუნეთ კიდევ 307 ჯარისკაცი – რიგითები და სერჟანტები. მათი უმეტესობა უკრაინის შეიარაღებული ძალებიდანაა, ასევე არიან ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წევრები. მათან 273 ტყვედ დონეცკის რეგიონში ჩავარდა, მნიშვნელოვანი ნაწილი – ჯერ კიდევ 2022 წელს, ასევე ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებზე. გაცვლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის განმავლობაში 697 უკრაინელი უკვე სახლშია. ხვალ მესამე ეტაპია. ამ დღეებში ჩვენი ათასი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამოცანას წარმოადგენს რუსეთში დატყვევებული ყველა პირის გათავისუფლება.
ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე დარტყმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვი ომს აჭიანურებს. მან აშშ-ს, ევროპას და სხვა სახელმწიფოებს მკაცრი რეაქციისკენ მოუწოდა.
„უკრაინა მზადაა დიპლომატიის ნებისმიერი ფორმისთვის, რომელიც შედეგს გამოიღებს. ჩვენ მზად ვართ ყველა ნაბიჯისთვის, რაც რეალური უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. რუსეთი კი არაფრისთვისაა მზად. მომდევნო კვირა უნდა იყოს აქტივობის დრო რუსეთზე ახალი ზეწოლისთვის, ანუ მშვიდობისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.