ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევი და ბერლინი ერთნაირად ხედავენ ომის რაც შეიძლება სწრაფად, ღირსეული მშვიდობით დასრულების საჭიროებას
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპა უნდა იყოს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მონაწილე. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, კიევი და ბერლინი ერთნაირად ხედავენ ომის რაც შეიძლება სწრაფად, ღირსეული მშვიდობით დასრულების საჭიროებას.
„ომის დასრულების პარამეტრები განსაზღვრავს უსაფრთხოების პირობებს ევროპისთვის მომდევნო ათწლეულებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ფრიდრიხ მერცთან საუბრისას პოზიციების კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.
„უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები დღეს ონლაინ გამართავენ შეხვედრას, რათა შეათანხმონ ჩვენი საერთო შეხედულებები უკრაინის, მთელი ევროპისა და აშშ-ისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 7 აგვისტოს კრემლში დაადასტურეს, რომ მომდევნო კვირაში გაიმართება რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა. ამასთან, მედიის ცნობით, ტრამპმა ევროპელ პარტნიორებთან ასევე ისაუბრა მისი, პუტინისა და ზელენსკის სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობაზე.