ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონეცკთან დაკავშირებით ამერიკელები ცდილობენ, იპოვონ ორივე მხარისთვის მისაღები ფორმატი, დემილიტარიზებული ზონა ან თავისუფალი ეკონომიკური ზონა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის რეგიონთან დაკავშირებით ამერიკული მხარე განიხილავს ორივე მხარისთვის მისაღები ფორმატის შექმნას, რაც მოიაზრებს დემილიტარიზებულ ზონას ან თავისუფალ ეკონომიკურ ზონას.
უკრაინისა და აშშ-ს მიერ ერთობლივად შემუშავებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის წარდგენისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიულ საკითხი მთელ გეგმაში ყველაზე რთულია
ზელენსკის თანახმად, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჯარების განლაგების ხაზი ამ შეთანხმების თარიღისთვის არის ფაქტობრივად აღიარებული შეხების ხაზი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხის განსახილველად უნდა შეიკრიბოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს კონფლიქტის დასასრულებლად საჭირო ძალების გადაადგილებას, ასევე პოტენციური მომავალი სპეციალური ეკონომიკური ზონების პარამეტრებს.
„ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, სადაც რუსებს დონეცკის რეგიონის დატოვება სურთ, ამერიკელები კი ცდილობენ იპოვონ გზა, რომ ეს „გასვლა“ არ იყოს, რადგან ჩვენ გასვლის წინააღმდეგი ვართ. მათ სურთ, იპოვონ დემილიტარიზებული ზონა ან თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ანუ ფორმატი, რომელიც ორივე მხარის შეხედულებებს გაითვალისწინებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ თუ გეგმის პირველი ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ომის დასრულებას შეხების ხაზის მიღმა, ჩაიშლება, არსებობს კიდევ ორი ვარიანტი. პირველი არის საომარი მოქმედებების გაგრძელება.
მეორე ვარიანტი ითვალისწინებს, რომ შეთანხმების ძალაში შესასვლელად რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, სუმის და ხარკოვის ოლქებიდან. თუმცა, ზელენსკის თქმით, პოტენციურად შესაძლებელია „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ასევე ენერგოდარში.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მას სურს, ტერიტორიებისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების საკითხი ლიდერების დონეზე გადასაწყვეტად დატოვოს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისა და აშშ-ის მიერ ერთობლივად შემუშავებული სამშვიდობო გეგმის ოცი პუნქტი წარადგინა.