ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებზე უარით არ ემუქრება და არც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს აკავშირებს უსაფრთხოების გარანტიებთან
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებზე უარით არ ემუქრება და არც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს აკავშირებს უსაფრთხოების გარანტიებთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია, თითქოს აშშ უკრაინას ემუქრება უსაფრთხოების გარანტიებზე უარით, თუ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი არ გამოცხადდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა Financial Times-ის ინფორმაციას, რომელშიც აღიშნულია, რომ ის აპირებს, 24 თებერვალს გამოაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეფერენდუმის გეგმები.

„ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს მაშინ, როცა იქნება უსაფრთხოების ყველა შესაბამისი გარანტია. უკრაინის პარტნიორებმა, შესაძლოა, არჩევნების საკითხი წამოჭრან, მაგრამ თავად უკრაინას ეს არასდროს გაუკეთებია. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ არჩევნებისთვის. ეს ძალიან მარტივია, შეწყვიტეთ ცეცხლი და არჩევნები ჩატარდება. ასე რომ, ეს უსაფრთხოების საკითხია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა წამოჭრა არჩევნების საკითხი, თუმცა, ზელენსკის თქმით, მას  არ სურს დეტალებზე საუბარი.

„არა. ისინი არ იმუქრებიან უსაფრთხოების გარანტიებზე უარის თქმით. სხვათა შორის, ისინი არ აკავშირებენ არჩევნებს უსაფრთხოების გარანტიებთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო კრემლის წინადადება მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის ჩასვლის შესახებ.

„მე არ შემიძლია მივიდე მოლაპარაკებებზე პუტინთან მოსკოვში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც აგრესორია ამ ომში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მზად არის, მხარი დაუჭიროს შეერთებული შტატების წინადადებას შეხვედრების შესახებ ნებისმიერ ტერიტორიაზე, რუსეთისა და ბელარუსის გარდა.

„ამერიკა, ევროპა, ნეიტრალური ქვეყნები, ნებისმიერი სახელმწიფო, გარდა რუსეთისა და ბელარუსისა“, – განმარტა ზელენსკიმ.