ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 18 წლის მოქალაქეების მობილიზაციის წინააღმდეგია - ადამიანს თუ არ აქვს იარაღი, რა მნიშვნელობა აქვს, 20 წლისაა თუ 30-ის?
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 18 წლის მოქალაქეების მობილიზაციის წინააღმდეგია - ადამიანს თუ არ აქვს იარაღი, რა მნიშვნელობა აქვს, 20 წლისაა თუ 30-ის?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 18 წლის ასაკის მოქალაქეების მობილიზაციის წინააღმდეგია. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დასავლეთი კი უკრაინას მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე დაწევის თხოვნით მიმართავს. ამ ნაბიჯის მომხრეები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტს განიცდის, რის გამოც უკრაინის არმიას უკან დახევა და პოზიციების დათმობა უწევს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არა ჯარისკაცების, არამედ შეიარაღების დანაკლისი აქვს.

„ადამიანს თუ არ აქვს იარაღი, რა მნიშვნელობა აქვს, ის 20 წლისაა თუ 30-ის? არავითარი განსხვავება არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ რჩება იარაღით არასათანადოდ აღჭურვილი ბრიგადები. მისივე თქმით, უკრაინის არმიის 14 ბრიგადიდან, რომლებსაც საზღვარგარეთ უნდა გაევლოთ წვრთნა, შესაბამისი მომზადება მხოლოდ ორმა გაიარა და ეს იარაღის დეფიციტთან არის დაკავშირებული.

ამჟამად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცების საშუალო ასაკი 40 წელია. 2023 წლის გაზაფხულზე ზელენსკიმ მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე დაწია.