ვოლოდიმიერ ზელენსკი – მტერი არ წასულა შვებულებაში, მათ იპოვეს ესკალაციის ახალი გზა, ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი რეაგირება, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვა რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ

18:40, 03.09.2026

გასულ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე ქალაქზე მიტანილ იერიშებს ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ქალაქ ოდესაზე, ობუხივსა და ბორისპილის რაიონებზე, ნიკოპოლზე, ხერსონზე, სუმიზე, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ძალების მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ.

„ოდესაში, საცხოვრებელ კორპუსზე დრონის დარტყმის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობას აგრძელებენ. მე-10-დან მე-17 სართულამდე დაზიანებულ შენობაში 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამეს 13 რეგიონზე დრონებით მიტანილი იერიშების გამო განგაში პრაქტიკულად არ წყდება. მან დასავლელ პარტნიორებს დახმარების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა და ხაზი საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმოებას გაუსვა.

„მტერი არ წასულა შვებულებაში – რუსებმა იპოვეს ესკალაციის ახალი გზა და არ აპირებენ შენელებას. ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი რეაგირება, მეტი კონტრზომები და უფრო სწრაფი თავდაცვის წარმოება ევროპასთან ერთად – უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვა რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ევროპას შეუძლია, იყოს თვითკმარი და ძლიერი. მისი თქმით, უკრაინა თავდაცვის ახალ პაკეტებზე პარტნიორებთან ერთად მუშაობს.

 

მსგავსი