„ვოლფსბერგერმა“ გური გიორბელიძე განაცხადში შეიყვანა - მოედანს ნოემბერში დავუბრუნდები
„ვოლფსბერგერმა“ გური გიორბელიძე განაცხადში შეიყვანა - მოედანს ნოემბერში დავუბრუნდები

გური გიორბელიძე ავსტრიულმა „ვოლფსბერგერმა“ ევროპის ლიგის განაცხადში შეიყვანა, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და გორის „დილას“ ყოფილმა მცველმა ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა გამოტოვა – ავსტრიაში ჩასული 24 წლის ფეხბურთელი ტრავმირებული იყო და მოედანს მალე დაუბრუნდება.

„ტრავმის შემდეგ სრულად მოვმჯობინდი , რეაბილიტაციის ინტენსიურ ვარჯიშებს ვაგრძელებ და მოედანს ნოემბრის დასაწყისში დავუბრუნდები. იმედი იმიტომ მაქვს, რომ ფიზიკურად კარგად ვარ და სრული დატვირთვით მარბენინებენ – არ ვტრაბახობ, ჩვენი მწვრთნელი გაოცებული იყო, ტრავმის და უთამაშებლობის მიუხედავად რამდენს დავრბოდი“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გური გიორბელიძე.

ახალგაზრდა მოთამაშემ კომენტარი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაზეც გააკეთა – „ლავანტალ არენაზე“ „ვოლფსბერგერმა“ მოსკოვის ცსკა მიიღო და 1:1 დაასრულა. ავსტრიელთა რიგებში სრულად ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში – კონსტანტინ მარადიშვილმა.

„ევროპის ლიგაზე პირველი მატჩი ძლიერ მეტოქესთან 1:1 ვითამაშეთ. თუმცა, თამაშს რომ ვუყურებდი, მქონდა იმედი, რომ მოგებას შევძლებდით. ლუკამ ძალიან კარგად ითამაშა და ბევრი შეტევა მოიგერია. სხვათა შორის, მარადიშვილიც ძალაინ მომეწონა, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა და მოედანზე დიდ სამუშაოს ატარებს“, – აცხადებს გიორბელიძე.