„ვოლ სთრით ჯორნალი“ - ტრამპმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, რომ ევროპულმა ჯარებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი აწარმოონ
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, რომ ევროპულმა ჯარებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი აწარმოონ. ამის შესახებ „ვოლ სთრით ჯორნალი“ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების თანახმად, 7 დეკემბერს პარიზში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ევროპამ უნდა შეასრულოს მთავარი როლი უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში, რომ მას სურს უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების ყოფნა ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის.
მათივე ცნობით, ტრამპს არ გამოურიცხავს მონიტორინგის მხარდაჭერა, თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის ჯარები არ იქნებიან ჩართულნი.
მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ მხარს არ უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ სურს, ნახოს ძლიერი, კარგად შეიარაღებული უკრაინა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.
როგორც „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ტრამპმა ასევე მოუწოდა ევროპელებს, მეტი გააკეთონ ჩინეთის დასარწმუნებლად, რომ კრემლზე ზეწოლა მოახდინოს კონფლიქტის დასასრულებლად.