„ვოლ სთრით ჯორნალი“ - დონალდ ტრამპი ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა შეაჩეროს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა შეაჩეროს, – ამის შესახებ „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
გამოცემის თანახმად, ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო დარტყმის ვარიანტი ახლა უფრო სერიოზულად განიხილება ტრამპის გარდამავალი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ, რომლებიც განიხილავენ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემას, აშშ-ის ჯარების მომავალს რეგიონში და ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ განადგურებას.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ირანის დასუსტებულმა რეგიონულმა პოზიციამ და თეირანის მზარდი ბირთვული მუშაობის ბოლოდროინდელმა გამოვლენებმა მგრძნობიარე შიდა დისკუსიები გამოიწვია. ამასთან, ყველა მსჯელობა ამ საკითხზე ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.
როგორც „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ის შეშფოთებულია ირანის მხრიდან ბირთვული საქმიანობის გააქტიურების გამო. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მანამდე განაცხადეს, რომ ირანს, შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს ბირთვული იარაღის შექმნისთვის. გამოცემის თანახმად, არჩეული პრეზიდენტის გარდამავალი გუნდი ამუშავებს სტრატეგიას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც „მაქსიმალური ზეწოლა 2.0“-ს უწოდებენ. ერთი გზა გულისხმობს სამხედრო ზეწოლის გაზრდას ახლო აღმოსავლეთში მეტი ამერიკული ძალების, სამხედრო თვითმფრინავების და გემების გაგზავნით. შეერთებულმა შტატებმა, ასევე, შესაძლოა, მიჰყიდოს ისრაელს მოწინავე იარაღი, როგორიცაა ბუნკერის დამანგრეველი ბომბები და ამით გააძლიეროს ისრაელის შეტევითი საცეცხლე ძალა ირანის ატომური ობიექტების მწყობრიდან გამოსაყვანად. ალტერნატიული გზა არის სამხედრო ძალის გამოყენების მუქარის მცდელობა, განსაკუთრებით აშშ-ის სანქციებთან ერთად, რათა აიძულოს თეირანი, მიიღოს დიპლომატიური გადაწყვეტის გზა.