ვოლ სტრიტ ჯორნალი - აშშ სირიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას აპრილის ბოლოს გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები სირიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას აპრილის ბოლოს გეგმავს. ამის შესახებ „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ (The Wall Street Journal) ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთის ცხელი წერტილი ამერიკელი სამხედროების დიდმა ნაწილმა მარტის შუა რიცხვებში უნდა დატოვოს. დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეები კი სამშობლოში აპრილის ბოლომდე დაბრუნდებიან.
თავად პენტაგონში ამერიკელი სამხედროების სირიიდან გამოყვანის გრაფიკის გასაჯაროებაზე უარი განაცხადეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულმა საერთაშორისო კოალიციამ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია 2014 წლის აგვისტოში დაიწყო. ამავე წლის სექტემბერში კოალიციამ სირიაში ტერორისტული დაჯგუფების პოზიციებზე პირველი ავიაიერიშები მიიტანა.
2018 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ყოფნის მიზანი „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება იყო. პრეზიდენტის განმარტებით, ტერორისტული დაჯგუფება ბოლომდე გაანადგურეს. შესაბამისად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი სირიას დატოვებდა.