„ნატო ტვინის სიკვდილს“ განიცდის, ევროპას კი საკუთარი სამხედრო ძალები სჭირდება“ – ამის შესახებ ბრიტანულ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. საფრანგეთის ლიდერმა ასევე თქვა, რომ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების მომხრეა. მაკრონის ინტერვიუმ ევროპაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გერმანიის კანცლერმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრებას არ ეთანხმებიან. ამ თემაზე ვესაუბრეთ პოლონელ ჟურნალისტ ვოიჩეკ პშიბილსკის, რომელიც გამოცემა „ვიშეგრად ინსაითის“ რედაქტორია.
საფრანგეთის პრეზიდენტი „ეკონომისტთან“ ინტერვიუში ნატო–ს აკრიტიკებს. იგი ასევე ამბობს, რომ ეჭვი ეპარება ქმედითია თუ არა ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. როდესაც ასეთი განცხადებები ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრისგან გვესმის, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ნეგატიური გზავნილია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანებას ცდილობენ. კერძოდ, ასპირანტი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა?
ამ ინტერვიუს ანალიზისას აუცილებელია კონტექსტის გათვალისწინება. საფრანგეთს განსაკუთრებული კონტექსტი აქვს, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე. დავიწყოთ არსებული სიტუაციით. ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო ვადის ნახევარი გავიდა. იგი მზადებას იწყებს მომავალი არჩევნებისთვის. მან უკვე გააკეთა საკმაოდ ხისტი განცხადება, რომ საფრანგეთი ევროკავშირის გაფართოებას არ დაეთანხმება, ვიდრე ევროკავშირის რეფორმირების შესახებ საფრანგეთის მიერ წარდგენილ პროექტებს არ მიიღებენ და მისი ამბიციები არ დაკმაყოფილდება.
ანალოგიურ მოსაზრებას ვკითხულობთ ნატო-ს შესახებაც, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ამით ცდილობს, საფრანგეთის პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი მემარჯვენე ძალების სიმპათია მოიპოვოს. ამ განცხადებით მას სურს, გააცოცხლოს ტრადიციული ფრანგული პოზიცია ნატო-ს შიგნით და აკრიტიკებს ტრანსატლანტიკურ ან ამერიკულ პროექტებს. ნატო-ს ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პრეზიდენტ დე გოლის მმართველობის დროს საფრანგეთი ნატო-ს დატოვების ზღვარზეც კი იყო და ყოველთვის მკაფიოდ უსვამდა ხაზს საფრანგეთის ეროვნულ ინტერესებს და სუვერენიტეტს. ნატო-ს ძალები ტოვებდნენ საფრანგეთს, ეს პერიოდი დაახლოებით 10 წელი გაგრძელდა.
ასე რომ, მაკრონის განცხადებები ახალი არ არის, ეს საფრანგეთის პოლიტიკური კულტურის ნაწილია, თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტის ასეთი განცხადებები საექსპერტო წრეებში აუცილებლად გამოიწვევს დებატებს. ისმის კითხვა, რამდენად შეძლებს ნატო ძლიერების და მნიშვნელობის შენარჩუნებას იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ. ტრამპი არ გამოირჩევა ნატო-ს იდეის მიმართ კეთილგანწყობით, ყოველ შემთხვევაში, ნატო-ს დღევანდელი ფორმის მიმართ, ამიტომ ექსპერტები უკვე მსჯელობენ მოსალოდნელ შედეგებზე. თუმცა, პრეზიდენტი მაკრონი არ გახლავთ ექსპერტი, ის პრეზიდენტია, ამიტომ მისი განცხადებები უფრო რეზონანსულია და ცხადია, გამოხატავს იმ დაძაბულობას, რაც საფრანგეთისა და აშშ-ის პოლიტიკურ დისკურსში არსებობს.
მაკრონი ასევე საუბრობს ევროპის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე და ვხედავთ რამდენიმე პროექტს, რომელიც უკვე მიმდინარეობს და სწორედ თავდაცვის გაძლიერებას ემსახურება. როგორ ფიქრობთ, ევროკავშირი შეძლებს, გახდეს დამოუკიდებელი მოთამაშე?
ევროკავშირი დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სტრატეგიული მოთამაშე ვერ გახდება. პრეზიდენტი მაკრონი სწორედ ამ ტერმინს ახსენებს. ევროკავშირი მხოლოდ ახლა იწყებს თავდაცვის გასაძლიერებლად თანამშრომლობას და ყველა პროექტი არის დამატებითი, ანუ ნატო-ს ჩანაცვლება არ ხდება. ეს პროგრამები ამერიკელი სამხედროების ევროპაში ყოფნას საფრთხეს არ უქმნის. მაგალითად, ე.წ. პესკო (PESCO) არის კვლევითი და ინდუსტრიული პროექტების ერთობლიობა. აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ამერიკელი პარტნიორების მოლოდინებზე საპასუხოდ, ევროპას სჭირდება მეტი ინვესტიციის დაბანდება თავდაცვის სფეროში და ე.წ. პესკო ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა. ეს პროექტები გაწერილია ევროკავშირის მომავალი შვიდი წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელზე მსჯელობაც გრძელდება და შედეგებს უახლოეს ხანში გავიგებთ.
ამასთან, ვხედავთ, რომ ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის, გერმანიამაც დადო პირობა, რომ სამხედრო ხარჯებს გაზრდის. ასევე გვყავს ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იგი თავდაცვის მინისტრი იყო და ბევრი საინტერესო პროექტი აქვს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში თავდაცვის მოდერნიზაციას. პრეზიდენტ მაკრონის ინტერვიუს ანალიზისას აუცილებელია, დავაკვირდეთ სხვა ევროპელი პოლიტიკოსების რეაქციას. როგორც უკვე ვიცით, გერმანიის კანცლერი მაკრონის განცხადებებს არ დაეთანხმა.
პრეზიდენტი მაკრონი ინტერვიუში ასევე საუბრობს რუსეთზე და აცხადებს, რომ მხარს უჭერს რუსეთთან სტრატეგიულ-პარტნიორულ ურთიერთობებს. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ს მოსკოვის მიმართ ხისტი პოზიცია აქვს, ისევე როგორც პოლონეთს, რომელსაც სურს, რომ ქვეყანაში ნატო-ს მეტი სამხედრო იყოს დისლოცირებული. როგორ ფიქრობთ, ასეთ პირობებში შესაძლებელია მხოლოდ ნატო–ზე დაყრდნობა თუ უმჯობესია აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება?
ამჟამად აშშ-თან ორმხრივი პროექტი არ არსებობს, რადგან აშშ-ი რომელიმე ევროპელ პარტნიორს დამოუკიდებლად არ განიხილავს. ვაშინგტონი აფასებს ყველა მოკავშირის ერთობლივ პოტენციალს. პოლონეთის შემთხვევაში საუბარია ნატო-ს ინიციატივაზე, რომელშიც ალიანსის ბევრი მოკავშირე მონაწილეობს. მათ შორის ფრანგი, გერმანელი, კანადელი ჯარისკაცები. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისას აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი პროექტები არ არსებობს. ამასთან, პოლონეთს აქვს ორმხრივი კონტაქტი აშშ-თან და ის ცდილობს, მოიპოვოს ტრამპის მხარდაჭერა. თუმცა, ეს ნატო-ს ვალდებულებებს ეხება. ასე რომ, ნატო რჩება საუკეთესო და მუშა მექანიზმად, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბერლინში ვიზიტის დროს გააკეთა. თუმცა, ასევე ხაზგასასმელია, რომ პრეზიდენტი მაკრონი ინტერვიუში ახსენებს ევროკავშირის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის აუცილებლობას, მაგრამ ეს მომავლის საქმეა და უახლოეს 10 წელიწადში ვერ მოხდება.
რაც შეეხება რუსეთს, როგორი რეზონანსი მოჰყვება რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მაკრონის განცხადებებს?
მაკრონი საუბრობს რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე“, რაც საკმაოდ უცნაურია. უცნაურია, ურთიერთობების გადატვირთვა მოითხოვო პრეზიდენტობის ვადის შუა პერიოდში, რადგან, როგორც წესი, ლიდერები რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ვადის დასაწყისში საუბრობენ. ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ რუსეთი ევროპის მეზობელი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა, ამიტომ ურთიერთობები აუცილებელია.
მაკრონის განცხადება განსაკუთრებით უცნაურად მოეჩვენათ პოლონელებს, რადგან რუსეთი არ გამოთქვამს სურვილს, უარი თქვას არასწორ ქმედებებზე, რომელთა გამოც მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა წარმოიქმნა. რუსეთისგან თვალსაჩინო პროგრესს და ქმედებებს ვიდრე არ დავინახავთ, ძალიან რთულია, ევროპელები ამ საკითხს სერიოზულად მიუდგნენ. თავად რუსებიც კი ევროპელების მსგავს ინიციატივას სერიოზულად ვერ აღიქვამენ. თუმცა, რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობა არ უნდა გამოვრიცხოთ.
პოლონეთი ასევე დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციით. ამას უამრავი მიზეზი აქვს, დაწყებული უსაფრთხოებით, დასრულებული ვაჭრობით, ეკონომიკითა და კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების პოტენციალით. ასე რომ, ეს საკითხი ღიაა, თუმცა აუცილებელია ორმხრივი ნაბიჯები.