Vogue და GQ მკითხველს საქართველოში სამოგზაუროდ ეპატიჟებიან
Vogue და GQ მკითხველს საქართველოში სამოგზაუროდ ეპატიჟებიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედიაჰოლდინგთან, Conde Nast-თან ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში პოპულარული გამოცემები Vogue და GQ საქართველოს შესახებ ონლაინ პლატფორმებზე სტატიებს ამზადებენ.

Vogue-სა და GQ-ს ფრანგული გამოცემები საფრანგეთის ბაზარს ფარავს, თუმცა სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, საფრანგეთთან ერთად, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც გაეცნობიან.

კამპანიის ფარგლებში პირველი სტატია Vogue-ის ონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა – „საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში“. სტატიაში საქართველოს ბუნება, კულინარია, ღვინო და ტურისტული ადგილებია აღწერილი.

„თვალწარმტაცი პეიზაჟებით საქართველოს ნამდვილად შეუძლია იამაყოს. საქართველოს ხეობები საუკუნოვანი ვენახებითა და მონასტრებითაა დაფარული. დათოვლილ მწვერვალებს შორის დაკლაკნილი გზები თითქოს ღრუბლებშია ჩამოკიდებული. ეს სრულიად საკმარისია ლამაზი ბუნებისა და ხელოვნების მოყვარულთა აღფრთოვანებისთვის, რომელთა ყურადღებას ასევე იპყრობს უნიკალური გასტრონომია და ღვინის კულტურა. ეს არის მდიდარი სამზარეულოსა და ღვინის ქვეყანა, რომელიც ღვინის სამყაროს აკვნად ითვლება 8000-წლოვანი ისტორიით. აქ თქვენ დააგემოვნებთ დაუვიწყარ ხინკალს, მწვადს ან გრილზე შემწვარ ქაბაბს, ასევე ლობიანს“, – წერს Vogue-ის ჟურნალისტი და მკითხველს კახეთს, თბილისსა და ბათუმს აცნობს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.