ვნანობ, რომ უფრო ძლიერად არ დავარტყი - ერიკ კანტონამ „კრისტალ პალასის“ გულშემატკივრის ცემა გაიხსენა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ ერიკ კანტონამ გაიხსენა თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქციელი – გულშემატკივრისთვის ფეხის ჩარტყმა 1995 წლის 25 იანვარს, „კრისტალ პალასთან“ მატჩში.
იმ დროს, როცა მოედანს ტოვებდა, ფრანგი „კრისტალ პალასის“ ფანის მეტიუ სიმონსის პროვოკაციას წამოეგო და კუნგ-ფუს სტილში ილეთი შეასრულა, რის შემდეგაც მუშტებიც ჩართო საქმეში. გულშემატკივარზე თავდასხმისთვის კანტონას 120 საათი იძულებითი სამუშაო მიუსაჯეს, ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და 10 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს. The United Way-ის ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში კანტონამ განაცხადა, რომ არ ნანობს თავის საქციელს.
„ძალიან ბევრჯერ მოუყენებიათ შეურაცხყოფა და არასოდეს მქონია რეაგირება, მაგრამ ხანდახან, მოთმინება იწურება. მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ: უფრო მაგრად უნდა დამერტყა. სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. ცხრა თვე დისკვალიფიკაცია მომცეს – მათ უნდოდათ ჩემგან სხვებისთვის მაგალითი შეექმნათ. ეს ერთი უბრალო მატჩი იყო, მაგრამ ჟურნალისტი გარეთ ხეზე იჯდა და ფოტო გადაიღო. სამწუხაროდ, ის არ ჩამოვარდა და მომდევნო დღეს ფოტო გაზეთებში მოხვდა. ამაზე წერდა ყველა და საფეხბურთო ასოციაციას გაუჩნდა ჩემი უფრო მკაცრად დასჯის სურვილი.
ფერგიუსონმა სწორი სიტყვები იპოვნა – როგორც ყოველთვის. მე ის ძალიან მიყვარდა და პატივს ვცემდი. ის ჩემთვის მამასავით იყო. როცა მწვრთნელი მოთამაშის მიმართ ასე იქცევა, ფეხბურთელი სიცოცხლეს მისცემს მას, კლუბსა და გულშემატკივრებს. ყველამ ჩემი მხარე დაიჭირა. ბევრი კლუბი, უბრალოდ, გამაგდებდა ამის გამო, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა. ამაში მდგომარეობს სხვაობა ამ გუნდსა და დანარჩენებს შორის“, – თქვა კანტონამ.
იმ ცნობილი ინციდენტის შემდეგ, კანტონამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ კიდევ ორი სეზონი ითამაშა და პრემიერლიგის ტიტული ორჯერ მოიგო.