ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის მერვე მოწვევის პარლამენტის დათხოვნის შესახებ განაცხადა
ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის მერვე მოწვევის პარლამენტის დათხოვნის შესახებ განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საინაუგურაციო სიტყვის დროს უკრაინის მერვე მოწვევის პარლამენტის დათხოვნის შესახებ განაცხადა. ზელენსკიმ ასევე შეახსენა დეპუტატებს, რომ დღეს სამუშაო დღეა, ამასთან, რამდენიმე კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა, მათ შორის დეპუტატებისა და მოსამართლეების იმუნიტეტის გაუქმების, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებისკენ.

ზელენსკიმ ასევე დეპუტატებს უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურორისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მაღალჩინოსნები ზელენსკის სიტყვით გამოსვლას რადას სხდომათა დარბაზში ესწრებოდნენ.

„გააკეთეთ ეს და დაიკიდეთ მედლები – არ არის ცუდი ბონუსი საპარლამენტო არჩევნების წინ, ამისთვის თქვენ ორი თვე გექნებათ. ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ მთავრობა გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს. სწორედ მთავრობაა ჩვენი პრობლემა“, – ზელენსკიმ რონალდ რეიგანის ციტატა წაიკითხა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს გადადგომისკენ მოუწოდა.

სიტყვით გამოსვლის დაწყებისას უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის თითოეული მცხოვრები პასუხისმგებელია ქვეყანაზე.

„არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩემმა ექვსი წლის შვილმა მკითხა: „მამა, გავიგე, რომ ზელენსკი პრეზიდენტია. გამოდის, რომ ახლა მეც პრეზიდენტი ვარ? ის, რაც თავიდან ხუმრობა ჩანდა, ჭეშმარიტება აღმოჩნდა. თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია. არა 73%, რომელმაც ხმა მომცა, არამედ უკრაინელების 100%“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპული უკრაინა თითოეული უკრაინელით იწყება.

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა თავის პირველ ამოცანად დონბასში ცეცხლის შეწყვეტა დაასახელა.

„ჩვენ საერთო ტკივილი გვაქვს. თითოეული ჩვენგანი დაიღუპა დონბასში. თითოეული ჩვენგანი დევნილია – ყველა, ვინც დაკარგა სახლი და ყველა, ვინ გაუღო სახლის კარი. თუმცა ამ ყველაფერს ჩვენ გადავლახავთ, რადგან თითოეული ჩვენგანი უკრაინელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ყველა, ვინც მზად არის, ხელი შეუწყოს ძლიერი და წარმატებული უკრაინის შენებას, უკრაინის მოქალაქეობას მისცემს.

„ყველას, ვინც მზად არის, ააშენოს წარმატებული და ძლიერი უკრაინა, მზად ვარ, მივცე უკრაინის მოქალაქეობა. საზღვარგარეთიდან სუვენირები არ გვჭირდება, ჩამოგვიტანეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. შესაძლოა, სწორედ ეს არის ჩვენი ეროვნული იდეა – გაერთიანებით გავაკეთოთ შეუძლებელი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ჩვენ უნდა გავხდეთ ისლანდიელები ფეხბურთში, ისრაელელები ქვეყნის თავდაცვაში, იაპონელები სამეცნიერო მიღწევებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე მოუწოდა უკრაინელ პოლიტიკოსებს, ნუ დაკიდებენ კაბინეტში მის პორტრეტს, რადგან მისი თქმით, პრეზიდენტი ხატი არ არის. მან მაღალჩინოსნებს მოუწოდა, პრეზიდენტის პორტრეტის ნაცვლად, კაბინეტებში თავიანთი შვილების სურათები ჩამოკიდონ და ყოველ დღე მათ თვალებში უყურონ.

„მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი, არ არის პორტრეტი. დაკიდეთ კაბინეტებში თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, – მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს.

უკრაინის მეექვსე პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვა ასე დაასრულა: „ჩემი ცხოვრების განმავლობაში  ვაკეთებდი ყველაფერს, რომ უკრაინელებს გაეღიმათ. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ თქვენ არ იტიროთ“.