ვლადიმირ ზელენსკიმ უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრაზე პირობა დადო, რომ უკრაინა საიმედო პარტნიორი იქნება
უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრაზე პირობა დადო, რომ უკრაინა საიმედო პარტნიორი იქნება, რომლითაც მსოფლიო იამაყებს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
„უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებაში გახდება საიმედო, რომლითაც ყველა იამაყებს“, – განაცხადა ზელენსკიმ უცხოელი სტუმრების საზეიმო მიღებაზე.
მან ასევე მადლობა გადაუხადა სტუმრებს, რომ მათ მოკლე ვადაში შეძლეს ჩამოსვლა.
„მადლობას ვუხდი საერთაშორისო პარტნიორებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში დახმარებისთვის. ერთად ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა, მადლობა კორუფციის, ეკონომიკური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში და რაც მთავარია, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
ახალმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქა, რომ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების რაოდენობა გაიზრდება.
შეგახსენებთ, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას საქართველოს, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.