ვლადიმირ ზელენსკიმ მთავრობას მედიის მუშაობის რეგულირების კანონპროექტის მომზადება დაავალა
ვლადიმირ ზელენსკიმ მთავრობას მედიის მუშაობის რეგულირების კანონპროექტის მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მთავრობას 2019 წლის ბოლომდე ქვეყანაში მედიის მუშაობის რეგულირების შესახებ კანონპროექტის შემუშავება და პარლამენტისთვის წარდგენა დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკის განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტმა უნდა შეიმუშავოს კანონპროექტები, რომლებიც მოიცავს ახალი ამბებისადმი მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ასევე არაზუსტი და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მექანიზმებს.

ამასთან, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში მედიის ფლობა და დაფინანსება უნდა აეკრძალოთ, კანონმდებლობის დარღვევისთვის კი რეგულაციები გამკაცრდეს.

პრეზიდენტის ახალ განკარგულებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა უკრაინის კულტურის მინისტრმა, ვლადიმირ ბოროდიანსკიმ, რომელმაც უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინის მთავრობა მედიაში ახალი ამბების სტანდარტების რეგულირებას გეგმავს.

„ჩვენ არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ ახალი ამბების სტანდარტების რეგულირებას. ეს არის მხოლოდ პროფესიული გაერთიანების უფლება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ბოროდიანსკის განმარტებით, იგეგმება კანონმდებლობაში საშიში ინფორმაციის, დეზინფორმაციისა და არაზუსტი ინფორმაციის ცნების დანერგვა, რათა რუსეთის მიერ დაფინანსებული ახალი ამბების იდენტიფიცირება მოხდეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, 9 ნოემბერს ხელმოწერილ ვლადიმირ ზელენსკის განკარგულებაში „სახელმწიფოს რეფორმირებისა და გაძლიერების გადაუდებელი ზომების შესახებ“,  საუბარია ზომებზე, რომლებიც მიმართულია „სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაზე, უკრაინის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარების დამატებითი მექანიზმების დანერგვაზე, მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებაზე, რეგიონების ჰარმონიულ განვითარებაზე, ცხოვრების ევროპული სტანდარტების დანერგვასა და სახელმწიფოს გაძლიერებაზე“.