ვლადიმირ ზელენსკიმ გაერო-ს წევრებს მოუწოდა, შეუერთდნენ ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და დაგმონ ოკუპაცია
ვლადიმირ ზელენსკიმ გაერო-ს წევრებს მოუწოდა, შეუერთდნენ ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და დაგმონ ოკუპაცია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ყირიმის დეოკუპაციასთან დაკავშირებით მოწყობილ ყირიმის პლატფორმაზე ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 46-მა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ. ვლადიმირ ზელენსკიმ გაერო-ს წევრებს მოუწოდა, შეუერთდნენ ყირიმის პლატფორმის ერთობლივ დეკლარაციას, დაგმონ ოკუპაცია და ამით აჩვენონ, რომ ისინი მსოფლიოში საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების წინააღმდეგნი არიან. ვლადიმირ ზელენსკი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ყირიმის პლატფორმა გაერო-ს ეგიდით წარიმართოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა გაერო-ს წევრებს, კვლავ დაუჭირონ მხარი განახლებულ რეზოლუციებს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინა გენერალურ ასამბლეაში წლის ბოლომდე წარადგენს.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ 2019 წელს ამავე ტრიბუნიდან მიმართვისას, მან უკრაინის ომში დაღუპულ 13 000, დაშავებულ 30 000 და იძულებით გადაადგილებულ 1.5 მილიონ მოქალაქეზე ამცნო, მას შემდეგ კი, ეს ციფრები ყოველწლიურად იზრდება.

პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საათით ადრე, მის თანაშემწეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის რეფორმებისა და ცვლილებების ფასი უკრაინაში.

ყირიმის პლატფორმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილი დიპლომატიური საკოორდინაციო მექანიზმია, რომელიც მიმართულია ყირიმის ანექსიის დასრულებისკენ. ყირიმის პლატფორმის სამიტი კიევში მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გაიმართა. სამიტში მონაწილეობდა 46 დელეგაცია, მათ შორის საქართველოდან. სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში მონაწილეები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ და ყირიმის ნახევარკუნძულის დროებითი ოკუპაციის დასასრულებლად რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის შენარჩუნების მზადყოფნას გამოთქვამენ.