ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინის საზღვართან ახლა სიტუაცია იმაზე მეტად დაძაბული არ არის, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში, რუსეთის მასობრივი წვრთნების დროს იყო
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინის საზღვართან ახლა სიტუაცია იმაზე მეტად დაძაბული არ არის, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში, რუსეთის მასობრივი წვრთნების დროს იყო

უკრაინის საზღვართან ახლა სიტუაცია იმაზე მეტად დაძაბული არ არის, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში, რუსეთის მასობრივი წვრთნების დროს იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„2019 წელს, პრეზიდენტი რომ გავხდი, მარიუპოლში წავედი და უკვე იქ ისმოდა სროლა. ჩვენ დღეს იმაზე მეტ ესკალაციას ვერ ვხედავთ, ვიდრე მანამდე იყო. უკრაინის საზღვრებთან სამხედროების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ არ მგონია, ახლა მეტად დაძაბული სიტუაცია იყოს, ვიდრე მაშინ, წვრთნების პიკზე, 2021 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნებზე ვსაუბრობდით. თუმცა მაშინ ასეთი საინფორმაციო პოლიტიკა არ არსებობდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, საინფორმაციო პოლიტიკა უნდა იყოს დაბალანსებული.

„მედიაში ისე აცხადებენ, რომ ჩვენ გვაქვს ომი, ჩვენი ჯარები გზებზე მოძრაობენ და ჩვენ გვაქვს მობილიზაცია. ამაზე 8 წელია, გულწრფელად ვსაუბრობთ. ეს უკვე იყო, ეს უკვე დაიწყო, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი, სამწუხაროდ, უკვე დროებით ოკუპირებულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა საკითხის ირგვლივ საუბრისას აღნიშნა, საჭიროა ძალიან ფრთხილი საუბარი იმაზე, რომ „ხვალ შესაძლოა, იყოს ომი“.

„თავდასხმის შესაძლებლობა არსებობს, არსად წასულა. იგივე ეს იყო 2021 წელს. 2020 წელს შედარებით ნაკლებად, 2019 წელს, „ნორმანდიული ფორმატის“ შემდეგ ეს კიდევ უფრო ნაკლები იყო. საუბარი იმაზე, რომ ომი შეიძლება იყოს იანვარში, თებერვალში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, შეიძლება. სამწუხაროდ, მოდით, აქ სამი წერტილი დავსვათ, მაგრამ არ დავსვათ ერთი წერტილი და ვთქვათ, რომ დიახ, ის იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი უნდა ენდოს მის არმიას, პრეზიდენტსა და სპეცსამსახურებს.

„მადლობელი ვართ ნებისმიერი მხარდაჭერისთვის, მაგრამ სხვადასხვა წყაროდან მიღებულმა განსხვავებულმა ინფორმაციამ არ შეიძლება, დააბნიოს ჩვენი სახელმწიფო, რადგან იწყება ეკონომიკური პანიკა. ჩვენ არ გვაქვს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გაუგებრობა. მე უბრალოდ სიღრმისეულად მესმის, თუ რა ხდება ჩემს სახელმწიფოში, ისევე, როგორც მას ესმის ღრმად, რა ხდება შეერთებულ შტატებში. სულ ეს არის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 27 იანვარს ვლადიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. მხარეებმა საუბრისას განიხილეს დიპლომატიური ძალისხმევა დეესკალაციის მიზნით, ასევე უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები. სატელეფონო საუბრის შესახებ პარალელურად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინის მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა „სიენენს“ უთხრა, რომ ზელენსკისა და ბაიდენის სატელეფონო საუბარმა „კარგად არ ჩაიარა“, რასაც თეთრი სახლი არ ეთანხმება. „ანონიმური წყაროები სიცრუეს ავრცელებენ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნიმ.