ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა თავის იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით იყენებს და არანაირ შეთანხმებას არ არღვევს
უკრაინა თავის იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით იყენებს და არანაირ შეთანხმებას არ არღვევს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 27 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონბასში თურქეთისგან შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების შესახებ საუბრისას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს იყენებენ მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მხოლოდ მოწინააღმდეგის მიერ, დონბასში სიმშვიდის დარღვევის საპასუხოდ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა საპასუხო ქმედებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ახორციელებს და თუ უკრაინის არმია იგრძნობს, რომ მას თავისი მიწის დაცვა სჭირდება, მომავალშიც ამ პრინციპით იმოქმედებს.
უკრაინამ თურქეთისგან შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქთარი“ დონბასში 27 ოქტომბერს გამოიყენა, რომლის შედეგად მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარი გაანადგურა. ერთი დღით ადრე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული გაერთიანება „ვოსტოკის“ სარდლობამ განაცხადა, რომ სეპარატისტების მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.