ვლადიმირ ზელენსკი - თავდაპირველად სააკაშვილს შევთავაზე, ყოფილიყო მრჩეველი რეფორმების მიმართულებით, თუმცა მითხრა, რომ ეს მისი დონე არ იყო
ვლადიმირ ზელენსკი - თავდაპირველად სააკაშვილს შევთავაზე, ყოფილიყო მრჩეველი რეფორმების მიმართულებით, თუმცა მითხრა, რომ ეს მისი დონე არ იყო

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, არ ეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესმე მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, რადგან ის მისი მეგობარი არასდროს ყოფილა. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის კანდიდატურას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემეირის თანამდებობაზე განიხილავდა, თუმცა სააკაშვილს ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ მხარი არ დაუჭირა.

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაპირველად სააკაშვილს შესთავაზა, ყოფილიყო მისი მრჩეველი რეფორმების მიმართულებით, თუმცა სააკაშვილმა მას უთხრა, რომ ეს მისი დონე არ იყო და მან თავად თქვა, რომ „მთავრობაში მას შეუძლია, დაკავდეს რეფორმებით, იყოს ვიცე-პრემიერი რეფორმების კუთხით“.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ზელენსკიმ ამაზე სააკაშვილს უპასუხა, რომ საკითხს პრემიერ-მინისტრთან განიხილავდა, თუმცა შემდეგ სააკაშვილის დანიშვნას ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა.

ზელენსკიმ ასევე განმარტა, რომ მან უკრაინული პასპორტი სააკაშვილს დაუბრუნა, რადგან „ეს სამართლიანი იყო“.

ზელენსკის თქმით, მას არ ეშინია, რომ რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ რაღაც მომენტში შეიძლება, დაიწყოს მის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ეს მოხდა მეხუთე პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან, რადგან, ზელენსკის თქმით, სააკაშვილი არასდროს ყოფილა მისი მეგობარი.

ამასთან, როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღიარა, რომ „ყველაფერი შეიძლება, მოხდეს“.