ვლადიმირ ზელენსკი - მსურდა, დონალდ ტრამპი უკრაინის დამეინტერესებინა და სატელეფონო საუბრის დროს ამიტომ შევთავაზე ვარშავის შემდეგ უკრაინაში ჩამოსვლა
ვლადიმირ ზელენსკი - მსურდა, დონალდ ტრამპი უკრაინის დამეინტერესებინა და სატელეფონო საუბრის დროს ამიტომ შევთავაზე ვარშავის შემდეგ უკრაინაში ჩამოსვლა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მას სურდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინით დაეინტერესებინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პრესმარათონზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ვერ იმოქმედებდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი გვქონდა. ამიტომ კონკრეტულად ამ სატელეფონო საუბარმა იმოქმედა მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდებოდა შეხვედრა. მე მინდოდა ჩვენი ჯგუფი გვეჩვენებინა, მინდოდა უკრაინით დამეინტერესებინა, ამიტომ სატელეფონო საუბრის დროს შევთავაზე ვარშავის შემდეგ უკრაინაში ჩამოსვლა“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

ამასთან, ტელემარათონზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სურდა, პრეზიდენტ ტრამპს უკრაინა ჩვეულებრივი ადამიანის თვალით დაენახა.

შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, 24 სექტემბერს კი წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს. დემოკრატები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა კონკურენტ ჯო ბაიდენის დისკრედიტაციის მიზნით დახმარება საზღვრებს გარეთ, კერძოდ უკრაინაში ითხოვა.

თავად ტრამპი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. წარმომადგენელთა პალატის მიერ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საქმე სენატს უნდა გადაეცეს. აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.