ვლადიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეს ირანში შეფერხების გარეშე გამოიძიებენ
ვლადიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეს ირანში შეფერხების გარეშე გამოიძიებენ

ირანის აღიარების შემდეგ ვლადიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეს ირანში შეფერხების გარეშე გამოიძიებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განაცხადა.

„დღევანდელი დილა კარგი არ ყოფილა, თუმცა მან ჭეშმარიტება მოგვიტანა. საერთაშორისო კომისიის სამუშაოს დასრულებამდე ირანმა თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების შესახებ განაცხადა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვლადიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ ახლა ირანისგან სრულფასოვან და გამჭვირვალე გამოძიებას ელოდებიან, რათა დამნაშავეებმა შესაბამისი პასუხი აგონ, დაღუპულების ცხედრები კი, სამშობლოში დააბრუნონ.

რამდენიმე საათის წინ ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.