ვლადიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარდაჭერას მოისმენს
ვლადიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარდაჭერას მოისმენს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარდაჭერას მოისმენს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება საფრანგეთსა და პრეზიდენტ მაკრონს, ჩვენ ვგრძნობთ უკრაინისადმი მხარდაჭერას მაპის მინიჭების საკითხში. ვისურვებდი კონკრეტიკა მომესმინა, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება, თუმცა ეს მხოლოდ საფრანგეთზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მიმაჩნია, საფრანგეთი ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს. ივნისში იქნება ნატო-ს სამიტი და იქ ჩვენ აუცილებლად გავიგებთ, იქნება თუ არა ასეთი სიგნალი და კონკრეტულად რომელი ქვეყნებისგან მოვისმენთ მაპის საკითხში მხარდაჭერას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი არ განიხილა, რადგან კონფერენცია აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების თემას მიეძღვნა.

„ბატონ მაკრონთან კი, ეს საკითხი განვიხილეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერთან შეხვედრაზე მას შესთავაზა, ხელი მოაწეროს დეკლარაციას ევროკავშირში უკრაინის მომავალი წევრობის მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც უკვე მოაწერა ხელი ლიეტუვის პრეზიდენტმა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი მაკრონი გაეცნობა დეკლარაციას და პასუხს გაგვცემს“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.