ვლადიმირ ზელენსკი - ჩვენ დემოკრატიულად შევცვალეთ ხელისუფლება და მსოფლიო გავაოცეთ ამით
ვლადიმირ ზელენსკი - ჩვენ დემოკრატიულად შევცვალეთ ხელისუფლება და მსოფლიო გავაოცეთ ამით

ჩვენ დემოკრატიულად შევცვალეთ ხელისუფლება და მსოფლიო გავაოცეთ ამით, – ამის შესახებ ეგზიტპოლების მიხედვით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და ასევე იმ მოქალაქეებს, რომელებმაც მხარი არ დაუჭირეს.

„მადლობა ყველას, ჩემს მხარდამჭერებს და მათაც, ვინც მხარი არ დამიჭირა. პირველ რიგში, დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, დედას და ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ცოლს, რომელმაც თავის დროზე ჩემზე გავრცელებულ ჭორებს არ დაუჯერა და ცოლად გამომყვა. დარწმუნებული ვარ, მას რომ სცოდნოდა, შეიძლებოდა პრეზიდენტი გავმხდარიყავი, ცოლად არ გამომყვებოდა. ეს ხუმრობით, მაგრამ ეს გზა, რაც გავიარე, სწორედ მისი დამსახურებაა. ვიდრე პრეზიდენტი ოფიციალურად არ ვარ, მინდა, ვთქვა – პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მივმართავ – მოგვბაძეთ ჩვენ, ჩვენ ეს გამოგვივიდა. ჩვენ დემოკრატიულად შევცვალეთ ხელისუფლება და მსოფლიო გავაოცეთ ამით“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამოქვეყნდა. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია.

ზელენსკის გამარჯვება უკვე მიულოცა მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.