ვლადიმირ ზელენსკი - აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია არა სიტყვებით, არამედ საქმით
ვლადიმირ ზელენსკი - აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია არა სიტყვებით, არამედ საქმით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტის შედეგებს პოზიტიური უწოდა და აქვე აღნიშნა, რომ მან ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის ლიდერმა სააგენტო Current time-თან საუბარში განაცხადა.

„განწყობა ძალიან პოზიტიურია. შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არა სიტყვებით, არამედ საქმით. აშშ მხარს უჭერს უკრაინას ენერგეტიკულ სექტორში, ნატო-ს მომავალი წევრობის მიმართულებით და რაც მთავარია, ისინი მხარს უჭერენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მჯერა, რომ ჩვენ დიდი ოდენობით ეკონომიკური წინსვლა გვექნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი დეტალებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

აქვე მან დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია.

„მოვიწვიეთ, მაგრამ ჩამოვა, როდესაც შეძლებს. ის ძალიან დაკავებული ადამიანია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში პირველ სექტემბერს გაიმართა. ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხები და რუსეთის განზრახვა, უკრაინის გვერდის ავლით განახორციელოს ბუნებრივი აირის ტრანზიტი, ასევე ამერიკული სამხედრო დახმარებისა და უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების დეტალები.

ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ ზელენსკი სან-ფრანცისკოში ჩავიდა, სადაც მან შესაძლო საინვესტიციო პროექტები განიხილა.