ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა ქვეყნის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტი დასრულდეს
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა ქვეყნის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტი დასრულდეს

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის „ნორმანდიული ოთხეულის“ მომავალ სამიტზე არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა ქვეყნის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტი დასრულდეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ვლადიმირ ზელენსკი მიესალმა „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატის ფარგლებში უკრაინის პარტნიორების ძალისხმევას, 2019 წელს პარიზის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკული განხორციელების მიმართულებით.

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, დროა, გაიმართოს არსებითი მოლაპარაკებები კონფლიქტის დასასრულებლად. მისი თქმით, უკრაინა მზად არის, ოთხი ქვეყნის ლიდერების მომავალ სამიტზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა კონფლიქტის დიპლომატიურ-პოლიტიკური გზით დარეგულირების ერთგული რჩება. მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის სრული უზრუნველყოფა და დაკავებული პირების გათავისუფლების შემდგომი ეტაპების განხორციელება.

ერმაკის განცხადებით, უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია აქტიურ ძალისხმევას ახორციელებენ „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში პროდუქტიული მუშაობის აღსადგენად სხვადასხვა დონეზე და იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარეც დაუჭერს მხარს ამ ძალისხმევას. ამასთან, ხელს შეუწყობს პარიზის სამიტის გადაწყვეტილებების განხორციელებას.