ვლადიმირ ზელენსკი - ოკუპირებული დონბასი და ყირიმი თუ დაბრუნდება, მზად ვარ, ვლადიმერ პუტინს კიდევ ბევრჯერ ჩამოვართვა ხელი
ვლადიმირ ზელენსკი - ოკუპირებული დონბასი და ყირიმი თუ დაბრუნდება, მზად ვარ, ვლადიმერ პუტინს კიდევ ბევრჯერ ჩამოვართვა ხელი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარიზში ნორმანდიული სამიტის დროს ვლადიმერ პუტინს ხელი ჩამოართვა და მზად არის, კიდევ ბევრჯერ ჩამოართვას, თუ უკრაინას ოკუპირებული დონბასი და ყირიმი დაუბრუნდება. ეს განცხადება ზელენსკიმ ურაინული ტელეკომპანიის „1+1“-ის ეთერში გააკეთა.

„როგორ შეიძლება სხვაგვარად უმაღლესი დონის შეხვედრების გამართვა? როგორ შეიძლება ხელის ჩამორთმევის გარეშე დიალოგის დაწყება? როგორ შეიძლება რამეზე მოლაპარაკება და საკითხების გადაწყვეტა?“ – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

„ჩვენ ნამდვილად გვინდა ომის დასრულება – ე.ი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ. გულწრფელად გეტყვით, თუ ხვალ ჩვენ დაგვიბრუნებენ დროებით ოკუპირებულ დონბასს, მე შემიძლია, პუტინს კიდევ 10-ჯერ ჩამოვართვა ხელი, ხოლო თუ ჩვენს ყირიმს დაგვიბრუნებენ (ოდესმე აუცილებლად დაგვიბრუნებენ), შეიძლება, 100-ჯერაც ჩამოვართვა ხელი. მე მზად ვარ ამისთვის “, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ნორმანდიული სამიტი პარიზში 9 დეკემბერს გაიმართა. გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების ოთხმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი და ვლადიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.