ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაზის ტრანზიტის საკითხზე კიევისა და მოსკოვის პოზიციები დაახლოვდა
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაზის ტრანზიტის საკითხზე კიევისა და მოსკოვის პოზიციები დაახლოვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარიზში გამართული მოლაპარაკებების შედეგად გაზის ტრანზიტის საკითხზე კიევისა და მოსკოვის პოზიციები დაახლოვდა. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, გაზის საკითხს ორმხრივი მოლაპარაკებების დროს პრეზიდენტებმა საკმაოდ ბევრი დრო დაუთმეს.

„ჩვენი პირისპირ შეხვედრის ბევრი დრო ამ საკითხზე დავხარჯეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უფრო მეტი შანსი გვაქვს, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას (გაზის ტრანზიტის შესახებ) უკეთესი პირობებით, ვიდრე ამას ჩვენი წარმომადგენლები განიხილავდნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ინფორმირებულები იყვნენ, რომ შეხვედრაზე გაზის საკითხიც იქნებოდა განხილული. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო გაზის ტრანზიტის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას.

„უკვე აღარავინ საუბრობს ერთწლიან კონტრაქტზე“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

„მე ვითხოვდი 10 წელს, თუმცა ძალიან რთულია, როდესაც ერთი მხარე ითხოვს ერთ წელს, მეორე კი – ათს“, – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის მოლაპარაკებებს ელისეს სასახლეში მოგვიანებით ენერგეტიკის მინისტრები, ასევე „ნაფტოგაზისა“ და „გაზპრომის“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ამასთან, ელისეს სასახლეში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, „უკრაინის ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იური ვიტრენკომ განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა გაზის ტრანზიტსა და მიწოდებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები კვლავ სამმხრივ ფორმატში – ევროკავშირის მონაწილეობით გაგრძელდება.