ვლადიმირ ვასილევი - ჩემი მმართველობის პერიოდში, დაღესტანი ერთ მეტრ მიწასაც არ დათმობს
ვლადიმირ ვასილევი - ჩემი მმართველობის პერიოდში, დაღესტანი ერთ მეტრ მიწასაც არ დათმობს

ჩემი მმართველობის პერიოდში, დაღესტანი ერთ მეტრ მიწასაც არ დათმობს, – ამის შესახებ დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა განაცხადა.

ვლადიმირ ვასილევის თქმით, ჩეჩნეთთან საზღვრის შეთანხმებისას სადავო საკითხები მოსახლეობის მონაწილეობით გადაწყდება.

დაღესტნის ლიდერმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 11 ივნისის საღამოს, ახალგაზრდა დაღესტნელების ჯგუფმა ყიზლარის გარეუბანთან ჩეჩნეთის მიერ აღმართული საგზაო ნიშანი მოხსნა, სადაც „ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვსკის რაიონი“ ეწერა.

ვასილევის განცხადებით, სადავო სასაზღვრო მონაკვეთის საკითხზე დაღესტნის სახელისუფლებო ორგანოები ჩეჩენ კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან.

„ჩეჩნურმა მხარემ საგზაო ნიშნები აღმართა საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მათ ვეუბნებით, გაგებით მოეკიდონ ფაქტს, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა ეს განსხვავებულად მიიღო – როგორც თავდასხმა ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე. ეს ასე არ არის და არც იქნება. კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ვიდრე მე აქ ვმუშაობ, დაღესტნის ტერიტორიის არც ერთი მეტრი მიწა არ იქნება გადაცემული ვინმესთვის ცალმხრივად. არის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც სიტუაციის „გახურება“ თავისი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე სურს. ჩვენ ამას ყველა მეთოდით, მათ შორის სამართლებრივი საშუალებებით შევეწინააღმდეგებით“, – აღნიშნა ვლადიმირ ვასილევმა.

„ისწავლეთ ისტორია და გეოგრაფია“, – ასე მიმართა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, იმ დაღესტნელებს, რომლებმაც სადავო ზონაში ჩეჩნეთის მიერ აღმართული საგზაო ნიშნები მოხსნეს.

დაღესტნის ქალაქ ყიზლარს და ჩეჩნეთის შელკოვსკის რაიონს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას, მაგომედ დაუდოვმა თქვა, რომ მოხსნილი საგზაო ნიშნები იმავე ადგილას აღიმართება. დაუდოვის განცხადებით, საგზაო ნიშნების აღმართვისას ჩეჩენი მეგზევეები დაღესტნის ტერიტორიაზე არ შეჭრილან და არავის აქვს უფლება, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მდგარი ნიშნები მოხსნას. ინციდენტის ადგილას დაღესტნის მეთაურისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვლადიმირ ივანოვთან ერთად, ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვიც მივიდა.