ვლადიმირ ვაისი - მე ჯერ საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ
ვლადიმირ ვაისი - მე ჯერ საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ

მე ჯერ აქ ვარ და საქართველოს ნაკრებთან ვმუშაობ – ასე უპასუხა „დინამო-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კითხვას მისი სამომავლო გეგმების შესახებ.

„კულისებში მოლაპარაკებების პროცესი სულ შეიძლება მიდიოდეს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, რომ მე ახლა აქ, თქვენთან ვარ და საქართველოს ნაკრებს დანიასთან მატჩისთვის ვამზადებ“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

5 სექტემბერს ყაზახურმა გამოცემა KazFootball.kz გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ასტანას“ მთავარი მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი თანამდებობას ტოვებდა, ხოლო მას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შეცვლიდა.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „ასტანა“ მოლაპარაკებებს „კაირატის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ვაისთან აწარმოებს, რომელიც ახლა საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობს. შესაძლოა, მან პოსტი დატოვოს და ყაზახეთში უახლოეს მომავალში ან ზამთარში ჩამოვიდეს. უკრაინულ მედიაში უკვე იყო ინფორმაცია, რომ რომან გრიგორჩუკს სამშობლოში დაბრუნება ყაზახეთში არსებული მენტალური სირთულის გამო სურს. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინელმა „ასტანა“ ეროვნული ნაკრების მატჩებით გამოწვეული შესვენების შემდეგ დატოვოს“, – წერდა გამოცემა.

8 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო-არენაზე“ დანიას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.