UEFA-ს ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ლატვიასთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.
„კმაყოფილი ვარ შედეგით, რადგან ე.წ. ავტობუსის (დაცვითი ფეხბურთის) წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ პენალტით შევძელით, გამარჯვება კი დავიმსახურეთ. ველოდით, რომ ლატვია მეორე ნომრად ითამაშებდა, რადგან კონტრშეტევის გუნდია. ჩვენი მიზანია, ასეთი გამარჯვებებით საბოლოო მიზანს მივაღწიოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. ამ კუთხით ანდორასთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ლატვიასთან განმეორებითი შეხვედრა ჯგუფში გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა ვაისმა.
მან გიორგი ქვილითაიასა და დღევანდელი შეხვედრის გამორჩეულ ფეხბურთელებზეც ილაპარაკა.
„გიორგის ამბავი სპორტული ტრაგედიაა, მსგავსი საშინელება არასდროს მინახავს. ხვალ ბელგიაში ოპერაციას გაუკეთებენ და იმედია, მოედანს მალე დაუბრუნდება. გიორგი ჩაკვეტაძეს რაც შეეხება, საოცარი ინდივიდუალიზმი აჩვენა, ისევე როგორც თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა“, – აღნიშნა ვაისმა.
საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ გამართულ ერთა ლიგის მატჩში დღეს ლატვიის ნაკრები 1-0 დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა.