ვლადიმირ ვაისი - ასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთ
ვლადიმირ ვაისი - ასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთ

საქართველოსა და კორეის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა სტამბოლის ბაშაკშეჰირის სტადიონზე 2:2 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ამხანაგური შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შეაფასა.

„ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, ამ მატჩის მოგება შეგვეძლო. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება. ასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთ, რადგან მნიშვნელოვან თამაშებში ეს გადამწყვეტი იქნება. მოხარული ვარ, რომ ვაკო ასეთ ფორმაში დაგვიბრუნდა. ეს სწორედ ისეთი თამაში იყო, როგორსაც მისგან ველი და ჩემი აზრით, მას გოლიც უნდა გაეტანა. ასევე მიხარია ოქრიაშვილისა და ანანიძის დაბრუნება. დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა. ჩემი აზრით, დაცვის ცენტრში ტაბიძემ და კაშიამ კარგად იმოქმედეს. კიტეიშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. მე მისით კმაყოფილი ვარ, რადგან დაამტკიცა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიასთან მოახლოებულ შეხვედრაზეც ილაპარაკა.

„კორეა დანიისგან განსხვავებული გუნდია, თუმცა მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდი იყო, სადაც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და შედეგი მისაღებია. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არავინ მიიღო და ახლა მზადებას კვირის თამაშისთვის გავაგრძელებთ. დანიის წინააღმდეგ შემადგენლობაში რამდენ ცვლილებას გავაკეთებ, ამას ხვალინდელი ვარჯიშის მერე გადავწყვეტ. დავაკვირდებით, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს. რა თქმა უნდა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ვარიანტები უკვე მაქვს და ვნახოთ, თამაშისთვის რომელს შევარჩევთ. ჯაბა კანკავა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა როგორც იცით, ყვითელი ბარათების გამო დანიასთან ვერ ითამაშებს. ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ეროვნული ნაკრები თბილისში ჩარტერული რეისით დაბრუნდება და 6 სექტემბრიდან მომავალი შეხვედრისთვის „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე მოემზადება. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიას უმასპინძლებს. მატჩი 8 სექტემბერს 20:00 საათზე, თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება.