ვლადიმერ პუტინმა სოჭში რეჯეფ თაიფ ერდოღანს უმასპინძლა
ვლადიმერ პუტინმა სოჭში რეჯეფ თაიფ ერდოღანს უმასპინძლა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადემირ პუტინმა სოჭში თურქ კოლეგას უმასპინძლა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. როგორც ლიდერებმა პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადეს, ხელს მოაწერენ მემორანდუმს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზე შეთანხმებაც რამდენიმე დღით ადრე, თურქეთში რუსული დელეგაციის ვიზიტისას შედგა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე მადლობა გადაუხადა ერდოღანს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხში ჩართულობისთვის და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე.

„ჩვენ გვაქვს მსხვილი პროექტები. ყველამ იცის ატომური ელექტროსადგურ „აქუიუს“ შესახებ, თუმცა არის სხვა მიმართულებებიც – ეს ენერგეტიკაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თურქული ნაკადი, რომლის მშენებლობაც ჩვენ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ, დღეს ერთ-ერთი უმსხვილესი არტერიაა ევროპისთვის რუსული გაზის მისაწოდებლად. „თურქული ნაკადი“ , განსხვავებით ევროპაში ჩვენი ნახშირწყალბადების მიწოდების ყველა სხვა მიმართულებისგან, მუშაობს გამართულად, რიტმულად, ყოველგვარი ჩავარდნის გარეშე. ვგულისხმობ არა მხოლოდ თურქი მომხმარებლისთვის მიწოდებას, არამედ ევროპელი მომხმარებლებისთვის. ვფიქრობ, ევროპელი პარტნიორები მადლიერი უნდა იყვნენ თურქეთის, რომ ჩვენი გაზის ევროპულ ბაზარზე მიწოდებას ჩავარდნის გარეშე უზრუნველყოფს“, – განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ დღეიდან თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალი ფაზა დაიწყება. „ეს ეხება ენერგეტიკას და განსაკუთრებით, მარცვლეულის დერეფანს შავ ზღვაზე, რომლითაც ჩვენ გადავდგით ნაბიჯები. გადაიდგა ნაბიჯები ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებითაც. ამ საკითხებთან ერთად, რეგიონშიც არის გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ერდოღანმა.

დატოვე კომენტარი