ვლადიმერ პუტინმა, რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ, რუსეთში აშშ-ისა და მისი მოქალაქეების ქონების კონფისკაციის ნებართვა გასცა
ვლადიმერ პუტინმა, რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ, რუსეთში აშშ-ისა და მისი მოქალაქეების ქონების კონფისკაციის ნებართვა გასცა

ვლადიმერ პუტინმა, რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ, რუსეთში აშშ-ისა და მისი მოქალაქეების ქონების კონფისკაციის ნებართვა გასცა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის მთავრობის საკანონმდებლო აქტების ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის განკარგულებით, ნებადართული იქნება აშშ-ის, მისი მოქალაქაქეების, რეზიდენტების, ძირითადად, აშშ-ის ბაზარზე მომუშავე კომპანიების და მათი კუთვნილი ფირმების ქონების ჩამორთმევა, რათა ამ გზით კონფისკაციას დაქვემდებარებული რუსული აქტივებისთვის კომპენსაციის გადახადა მოხდეს. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება უფლებას აძლევს რუსულ კომპანიებს და კერძო პირებს, მიმართონ რუსულ სასამართლოებს, რათა მათ აშშ-ის სასამართლოებისა ან სახელმწიფო ორგნოების ნებართვის საფუძველზე ქონების ამოღება უსაფუძვლოდ აღიარონ.

თუ რუსული სასამართლო აღიარებს, რომ ქონების კონფისკაცია უსაფუძვლოდ მოხდა, მაშინ სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კომპენსაციის სახით უნდა წარადგინოს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ამერიკული აქტივები. პუტინის განკარგულება საშუალებას იძლევა, რომ დაყადაღდეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ისა ან ამ ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და რუსულ კომპანიებში არსებული წილები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება შედგენილია აშშ-ის მხრიდან რუსეთისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის მიმართ განხორციელებული „არამეგობრული და საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამო“ ქმედებების გამო.

ცნობისთვის, 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონკრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ კანონს, რომლითაც უკრაინას ფინანსური მხარდაჭერის ახალი პაკეტი გადაეცემა. ამ კანონის ერთ-ერთი პუნქტი საშუალებას იძლევა, აშშ-ის იურისდიქციაში შემავალი რუსეთის სახელმწიფო აქტივები უკრაინის სასარგებლოდ დაყადაღდეს.