რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კურსკში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ხინშტეინი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო.
პუტინმა კურსკის მშენებარე ატომურ ელექტროსადგურიც მოინახულა. მოსახლეობასთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები „ცდილობენ გადაადგილებას“ რუსეთის საზღვრისკენ.
„დიდი ხანია, მინდოდა თქვენთან სტუმრობა, თქვენი საქმიანობის შესახებ საუბარი, მადლობის გადახდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ძეგლებს საზღვრისპირა ტერიტორიაზე. ეს გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ ისინი ნეონაცისტურ იდეოლოგიას იზიარებენ. იდიოტების კონკურსშიც კი მეორე ადგილს დაიკავებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ იდიოტები არიან. ის, რასაც აკეთებენ, აჩვენებს, ვინ არიან სინამდვილეში“, – აღნიშნა პუტინმა.