ვლადიმირ მედინსკი - მოლაპარაკებებზე უკრაინიდან მივიღეთ წინადადებები, რომლებიც უახლოეს მომავალში განიხილება, ეცნობება პრეზიდენტს და შესაბამისი პასუხი იქნება
ვლადიმირ მედინსკი - მოლაპარაკებებზე უკრაინიდან მივიღეთ წინადადებები, რომლებიც უახლოეს მომავალში განიხილება, ეცნობება პრეზიდენტს და შესაბამისი პასუხი იქნება

რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის ორ ნაბიჯს დგამს, რუსეთის ფედერაციამ სტამბოლში მიიღო მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია უკრაინისგან, – ამის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, სტამბოლში, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ხელშეკრულებაზე სწრაფი მუშაობისა და კომპრომისის პოვნის შემთხვევაში, მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა უფრო მალე იქნება.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა კიევს შესთავაზა პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერასთან ერთად.

„მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. ჩვენ მივიღეთ წინადადებები უკრაინიდან განსახილველად – მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ხელშეკრულებაში მათ ჩართვასთან დაკავშირებით. ეს წინადადებები განიხილება უახლოეს მომავალში, ეცნობება პრეზიდენტს და ჩვენი შესაბამისი პასუხი იქნება“, – თქვა მედინსკიმ.

​რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია, როგორც კი შეთანხმება მომზადდება.