ვლადიმერ ზელენსკის პარტიის ლიდერი - საარჩევნო პროცესში მიხეილ სააკაშვილის პარტიის ჩართვის გამო, რადას არჩევნები შესაძლოა, ჩაიშალოს
ვლადიმერ ზელენსკის პარტიის ლიდერი - საარჩევნო პროცესში მიხეილ სააკაშვილის პარტიის ჩართვის გამო, რადას არჩევნები შესაძლოა, ჩაიშალოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ლიდერი დიმიტრი რაზუმკოვი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესში მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ ჩართვამ და ბიულეტენების ხელახლა დაბეჭდვამ შესაძლოა, დადგენილ თარიღში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ჩაშალოს. ამის შესახებ რაზუმკოვმა უკრაინული ტელეკომპანია „1+1-ის“ ეთერში განაცხადა.

„სიტუაცია საშიშია, რადგან ბიულეტენების ნაწილი დაბეჭდილია“, – განაცხადა პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე დაბეჭდილია ხუთ მილიონზე მეტი ბიულეტენი, რაზეც დახარჯულია ბიუჯეტის თანხები.

„ამან შესაძლოა, არჩევნების ჩაშლა გამოიწვიოს, რადგან ეს ბიულეტენები ხელახლა უნდა დაიბეჭდოს და ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსი, რაც ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული“, – განაცხადა რაზუმკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის პარტიის ლიდერის თქმით, ბიულეტენების შეცვლას დრო სჭირდება, ვადამდელი არჩევნები კი 21 ივლისისთვისაა დაგეგმილი.

„სამწუხაროდ, კამპანია ძალიან დინამიკურია და ამან შესაძლოა, არჩევნები ჩაშალოს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული“, – აღნიშნა რაზუმკოვმა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო საქმეში გაერკვევა და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დღეს უკრაინაში არჩევნები საფრთხის წინაშეა“, – განაცხადა პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა.

29 ივნისს უკრაინის უზენაესმა სასამართლო წინა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიხეილ სააკაშვილის პარტიის საპარლამენტო არჩევნებში დარეგისტრირება დაავალა.