ვლადიმირ ზელენსკის კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით კიევის სასამართლოს სარჩელით მიმართეს
ვლადიმირ ზელენსკის კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით კიევის სასამართლოს სარჩელით მიმართეს

ვლადიმირ ზელენსკის კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით კიევის სასამართლოს სარჩელით მიმართეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, კიევის სააპელაციო სასამართლო ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სარჩელს განიხილავს.

სარჩელის ავტორია კიევის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქის დამკვირვებელი, „აქციონერთა უკრაინული ასოციაციის“ წევრი ადვოკატი ანდრეი ხილკო.

როგორც თავად ხილკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში მიიღო. ხილკოს მტკიცებით, ვლადიმირ ზელენსკის მიერ გუშინდელ დებატებზე ბილეთების უფასოდ დარიგება ამომრჩეველთა მოსყიდვა იყო.

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმირ ზელენსკის შტაბში, ხილკოს სარჩელს პროვოკაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ის აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

დატოვე კომენტარი