ვლადიმერ პუტინსა და ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ვლადიმერ პუტინსა და ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის კრიზისი განიხილა.

მედია კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა და ოლაფ შოლცმა სტამბოლში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

მედიის ცნობით, შოლცმა და პუტინმა ასევე ისაუბრეს საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან, განსაკუთრებით მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოყვანის უზრუნველყოფის საკითხებზე.

ამასთან, მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა შოლცს გაზის საფასურის რუბლით გადახდის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

„ანგარიშსწორების პროცედურაში ცვლილება განხორციელდა იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, რუსეთის ბანკის სავალუტო რეზერვები გაყინეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში, რომელსაც „ტასი“ ავრცელებს.

პარალელურად, იტალიის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისა და რუსეთის პრეზიდენტს შორის ერთ საათიანი სატელეფონო საუბარი გაიმართა.