ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის დაცვის ორგანიზება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დაავალა
ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის დაცვის ორგანიზება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის დაცვის ორგანიზება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დაავალა. პუტინმა შესაბამის განკარგულებას ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც 8 ოქტომბერს, ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად, მისი ნაწილი ჩამოინგრა.

ამასთან, კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა – მოქალაქეების შეკრების ადგილებში პატრულირება გაძლიერდება, შემოწმდება ყველა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული ობიექტი.

ვინ იყო ყირიმის ხიდზე აფეთქების ორგანიზატორი რუსეთში ამ დრომდე არ ასახელებენ. ამასთან, ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ შესაძლოა, მომხდართან უკრაინული სპეცსამსახურები იყვნენ დაკავშირებულნი.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში არ გამორიცხეს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება რუს სამხედრო მაღალჩინოსნებსა და სპეცსამსახურებს, კერძოდ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას შორის შიდა კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

რუსული მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე გუშინ ღამით საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა ნაწილობრივ აღადგინეს.