ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ხელშეკრულებას 2021 წლის 20 სექტემბერს მოეწერა ხელი და მასში აღნიშნულია, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა.

რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც მიაღწიეს სრულწლოვანობის ასაკს, უფლებას აძლევს, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით. მოქალაქეობის მიღების პირობებს, განაცხადის შეტანის წესს, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და განცხადებების განხილვის წესს ადგენს რუსეთის პრეზიდენტი.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ორივე მხარის მოქალაქეობის მქონე პირები სარგებლობენ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის, განათლების და სამედიცინო მომსახურების უფლებებით, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ მუდმივად. ამავდროულად, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს, ასეთ პირებს მიანიჭოს უფლებები და შეღავათები მაშინაც კი, თუ ისინი ცხოვრობენ მეორე მხარის ტერიტორიაზე.

შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან. იგი მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებისთვის, თუ მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე, რომელიმე მხარე ოფიციალური არხებით არ აცნობებს მეორეს.

„ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს ავტომატურად არც ერთი მხარის მოქალაქეობის შეწყვეტას. ორივე მხარის მოქალაქეობის მქონე პირების შემდგომი ყოფნა რეგულირდება მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მხარეთა კანონმდებლობით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.