ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას „სახელმწიფო ტერორიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას „სახელმწიფო ტერორიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სწორედ კიევი მოითხოვს მოლაპარაკებების განახლებას და პირისპირ შეხვედრების გამართვას.
„მე ასეთი განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ ისინი ხმამაღლა თუ გაკეთდება, ეს უბრალოდ სახელმწიფო ტერორიზმია. და მინდა, აღვნიშნო, რომ ისინი გვთხოვენ მოლაპარაკებების განახლებას, პირად შეხვედრებს. ჩვენ ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესი, ფაქტობრივად, გაყინულია.
„ვინმე ამ პროცესში კონკრეტული წვლილის შეტანას თუ შეძლებს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ერთადერთი, რაც არ გვინდა, არის ის, რომ ყველაფერი უაზრო რეჟიმში ტრიალებდეს. თუმცა, თუ ვინმეს შეუძლია ამ მოლაპარაკებების პროცესში რაიმე პოზიტიური წვლილის შეტანა, მთლიანობაში ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებსა და იმ ავიაკომპანიებს მიმართა, რომლებიც რუსეთის ქალაქებში ფრენებს ასრულებენ და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს.