რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნატო-ს გაფართოებას კვლავ საფრთხე უწოდა. ამის შესახებ მან სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„როგორც ვიცით, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. ვარშავის პაქტი არ არსებობს. სამხედრო კოალიცია, რომელიც შეიქმნა ნატო-ს საპირწონედ, არ არსებობს. თუმცა, ნატო მაინც არსებობს და ის ვითარდება. ნატო-ს გაფართოება და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთი საზღვრების სიახლოვეს არის ერთ-ერთი პოტენციური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის.
რუსეთი გააგრძელებს სამხედრო აღჭურვილობის განახლებაში ფულის დაბანდებას. ამასთან, ჩვენ მზად ვართ ნატო-სთან თანამშრომლობისთვის, რათა წინ აღვუდგეთ რეალურ საფრთხეებს, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, სამხედრო კონფლიქტები და მასობრივი განადგურების იარაღის უკონტროლო გავრცელება“, – განაცხდა ვლადიმერ პუტინმა.