ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უფლებას აძლევს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ორი ვადით მიიღოს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას უფლებას აძლევს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ორი ვადით მიიღოს. ოფიციალური დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი მიღებულ იქნა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რომლის ინიციატორი თავად რუსეთის პრეზიდენტი იყო. კანონის თანახმად, რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც ორი ვადით ეკავა ეს თანამდებობა ან პრეზიდენტის პოსტს იკავებს მეორე ვადით არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალური გამოქვეყნების დღეს, პრეზიდენტად არჩევის უფლება აღარ აქვს, მაგრამ ეს დებულება არ ვრცელდება ვლადიმერ პუტინზე – კანონის თანახმად, მხედველობაში არ მიიღება საპრეზიდენტო ვადის რაოდენობა, რომელსაც ადამიანი ფლობდა კონსტიტუციაში ცვლილებების ძალაში შესვლის დროს.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში. ახლა მას შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა 2024 და 2030 წლებშიც.
როდესაც 2008 წლიდან 2012 წლამდე დიმიტრი მედვედევი ოფიციალურად იყო ქვეყნის მეთაური, საპრეზიდენტო ვადის ოთხიდან ექვს წლამდე გაზრდის ინიციატივა წარადგინა. ეს ცვლილებები მოგვიანებით დამტკიცდა.