ვლადიმერ პუტინი - დანია ყოველთვის კოლონიად აღიქვამდა გრენლანდიას, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვეხება და თავად გაარკვევენ ურთიერთობას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან თათბირზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განზრახვაზე, დაეუფლოს გრენლანდიას და მისი ღირებულება ალასკის მაგალითზე შეაფასა.
მისი თქმით, რუსეთს „საერთოდ არ ეხება ის, რაც გრენლანდიასთან დაკავშირებით ხდება“.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოსკოვს მსგავსი საკითხების გადაწყვეტის გამოცდილება აქვს ვაშინგტონთან.
„მე-19 საუკუნეში, როგორც მახსოვს, 1867 წელს, რუსეთმა შეერთებულ შტატებს მიჰყიდა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა ჩვენგან იყიდა ალასკა. მეხსიერება თუ არ მღალატობს, ალასკის ფართობი დაახლოებით ერთი მილიონ 717 ათასი კვადრატული კილომეტრია, ოდნავ მეტი. შეერთებულმა შტატებმა ალასკა ჩვენგან 7,2 მილიონ დოლარად იყიდა. რა თქმა უნდა, ეს ციფრები უნდა გადამოწმდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეა. დღევანდელ ფასებში, ინფლაციის გათვალისწინებით ამ მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ეს თანხა დაახლოებით 158 მილიონი დოლარი იქნებოდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, გრენლანდიის ფართობი ოდნავ მეტია.
„ჩემი აზრით, დაახლოებით ორი მილიონ 166 ათასი კვადრატული კილომეტრია, ანუ სხვაობა დაახლოებით 449-450 ათასი კვადრატული კილომეტრია. ამას შეერთებული შტატების მიერ ალასკის შეძენის ღირებულებას თუ შევადარებთ, გრენლანდიის ფასი სადღაც 200–250 მილიონ დოლარს გაუტოლდებოდა. მაშინდელ ოქროს ფასებს თუ შევადარებთ, ეს თანხა ალბათ უფრო დიდი იქნებოდა, დაახლოებით მილიარდამდე. მაგრამ ვფიქრობ, შეერთებული შტატები ამ თანხასაც გაუმკლავდება. და, რაც მთავარია, დანიასა და შეერთებულ შტატებსაც აქვთ ამ მხრივ საკუთარი გამოცდილება. ჩემი აზრით, 1917 წელს დანიამ უკვე მიჰყიდა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა იყიდა ვირჯინიის კუნძულები. ასე რომ, ასეთი გამოცდილებაც არსებობს. სხვათა შორის, დანია ყოველთვის კოლონიად აღიქვამდა გრენლანდიას და საკმაოდ მკაცრად, თუ არა სასტიკად, ეპყრობოდა მას. ეს უკვე სხვა საკითხია და, სავარაუდოდ, დღეს არავის აინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს არ გვეხება. ვფიქრობ, ისინი თავად გაარკვევენ ურთიერთობას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.